უჩა მურღულიას ბლოგი მსოფლიოს და საქართველოს ისტორია;.
46, Tbilisi, Gürcistan

ჭანების (ლაზების) ისტორია

ჭანეთი მდებარეობს თურქეთის ტერიტორიაზე, შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროებთან, ბიზანტიის ლაზიკას და თურქეთის ლაზისტანის აღმოსავლეთ ნაწილში, ოფ–სურმენეს მხარიდან მდინარე ჭოროხის შესართავამდე, შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთით. III–IV ს-ში იგი მოიცავდა შავიზღვისპირეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ მთიანეთს, მდინარე ჭოროხის ზემო წელის აუზს. მოგვიანებით სახელწოდება გავრცელდა მის მიმდებარე ზღვის სანაპირო ტერიტორიაზე. იგივეა, რაც ბერძნული თიანიკე. სამხრეთით მისი საზღვარი ჭანეთ-პონტოს ანუ ლაზისტანის ქედზე გადიოდა, რომელსაც ანტიკურ ხანაში სკვიდისის ქედი ერქვა.
ვახუშტის თანახმად ჭანეთი დასავლეთით რიზეს სანახებამდე აღწევდა: „ბაიბურთისა და ფორჩხის სამხრეთით, ჭანეთის მთას იქით, არის ჭანეთი, და აწ უწოდებენ ლაზსავე. არის ესე შავი ზღვის კიდის წადევნებით გონიიდან ტრაპიზონის საზღვრამდე. გონიის დასავლეთით მოერთვის ზღვას მდინარე... ამ მდინარის იქით არის ხოფჯა, ქალაქი მცირე, ზღვის კიდესა ზედა. აქ მოერთვის მდინარე ხოფჯისა... კვლავ მოერთვის ზღვას მდინარე ხოფჯას იქით გამომდინარე ჭანეთისავე მთისა... ამ მდინარის დასავლით არის ქალაქი მცირე რიზა ზღვის კიდეზედ... ხოლო ამის დასავლეთით ჩამოვარდების მცირე მთა, კნინღა ზღვამდე, ჭანეთის მთიდამ. და ესე არის საზღვარი საქართველოსი და საბერძნეთისა (ე.ი. ბიზანტია-ტრაპზონი). აქა არის რკინის პალო, აქავ არის სატყეპელა“.
გურიისა და ჭანეთ-ლაზეთში გავრცელებული თქმულებების მიხედვით კი, საზღვარი გადიოდა ფაზარის (ანტიკური ათინა) დასავლეთით ქემერთან – ზღვიდან ამოშვერილ უზარმაზარ ფრიალო კლდესთან.
დღეისთვის შესაძლებელი ხდება „სატყეპელას“ იდენტიფიცირება. პ. ინგოროყვა მიიჩნევდა, რომ „სატყეპელა“ არის იგივე „სატრაპელა, სოტიროპილი“, ანუ დღევანდელი ოფი.
სწორედ დღევანდელ ოფსა და რიზეს შუა, სპერის წყლის გაყოლებაზე და არა დღევანდელ ბორჩხასთან, მდებარეობს პონტოს მთების უმაღლესი მწვერვალი Demir Kapi, რაც პირდაპირი თარგმანია „რკინის კარისა“. პ. ინგოროყვას მიხედვით, რკინის-პალო არის სახელწოდება ისტორიული ციხისა, რომელიც მდებარეობდა მდინარე კალოს ხეობაში. ამის დასავლეთით მდებარეობდა სატყეპელა.
ახლა რაც შეეხება ჭანეთის მოსახლეობას. ჭანების გაერთიანება ჩამოყალიბდა ძვ.წ. I – ახ.წ. I საუკუნეებში კოლხების ახლო მონათესავე ხალხებს: მაკრონების, დრილების, ბეხირების, მოსინიკების, მარების და ნაწილობრივ ტიბარენებისა და ხალიბ-ხალდების შერწყმის შედეგად, რასაც ხელს უწყობდა მეზობელი სახელმწიფოების (პონტო, არმენები, რომი) აგრესია მათ მიმართ. შედეგად ახ.წ. I საუკუნიდან აღნიშნული ხალხების სახელები ქრება და მათ ანაცვლებს კრებითი სახელი ჭანები. მიუხედავად ამისა ცალკეული ხალხები დიდხანს ინარჩუნებდნენ ერთგვარ თვითმყოფადობას, რაზეც მიუთითებს პროკოპი კესარიელის სიტყვები: „ჭანები მრავალ ტომებად განიყოფებიან“.
დღევანდელი მონაცემებით ლაზ-ჭანების საერთო რაოდენობა 500000 კაციდან 1,5 მილიონ კაცამდე აღწევს. ძირითადად ცხოვრობენ თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე, აგრეთვე აჭარაში, მდინარე ჭოროხის აუზში და სამეგრელოში ენგურის შესართავთან (ანაკლია). ლაზები საუბრობენ ქართველური ჯგუფის მეგრულ-ჭანური ენის ლაზურ (ჭანურ) დიალექტზე. თურქეთში მცხოვრები ლაზები მუსლიმები არიან, მაგრამ გათურქების იძულებითი პოლიტიკის მიუხედავად მათ შეინარჩუნეს თავისი ენა და კულტურა. ლაზების ერთ ნაწილს საერთო ქართული ენობრივი და კულტურული გარემოსგან იზოლაციის გამო ლაზური თვითშეგნება ჩამოუყალიბდა.
რას მოგვითხრობს ბერძნულ–რომაული წყაროები ჭანების შესახებ?
სტრაბონი: „ტრაპეზუნტისა და ფარნაკიის ზემოთ ცხოვრობენ ტიბარენები, ხალდები და სანნები, რომელთაც უწინ უწოდებდნენ მაკრონებს.
პლინიუსი: „ტრაპეზუნტის სანაპიროს ახლოს მიედინება მდინარე პიქსიტი (ვიწეწყალი, ვიძე სუ ან ტაიროღლუ) ტრაპეზუნტის აღმოსავლეთით, რომელზეც არიან სანები-ჰენიოხები. შემდეგ მოდის მდინარე აბსარუსი“.
ფლავიუს არიანე: „ტრაპეზუნტიდან ნაპირის გასწვრივ ცურვის დროს ჩვენ გავიარეთ შემდეგი მდინარეები: ჰისოსი (დღევ. მანაოზ ჩაი), რომლისაგანაცაა სახელწოდება ჰისოს ნავსადგურისა; ნავსადგური ტრაპეზუნტისაგან დაშორებულია 180 სტადიონით (32 კმ); ოფისი (ოფიუნტი, დღევ. სატაკლი ჩაი), რომელიც დაშორებულია ჰისოს ნავსადგურს 90 სტადიონით (17 კმ) და გამოჰყოფს კოლხების ქვეყანას თიანიკისაგან (ჭანეთისგან).
ათინიდან წამოსულებმა გავიარეთ მდინარე პრიტანიდი (ფორტუნა, ფირტინ დერე), რომელთანაც აშენებულია ანქიალეს სასახლე, და ეს მდინარე დაშორებულია ათინადან 40 სტადიონით (7,6 კმ). პრიტანიდს ემეზობლება მდინარე პიქსიტე (ვიწეწყალი, ტაიროღლუ ირმაქი). ტრაპეზუნტელების მოსაზღვრენი, როგორც ქსენოფონტიც ამბობს, არიან კოლხები და ტომი, რომელიც უგულადესია და ტრაპეზუნტელების მოსისხლე მტერი, ქსენოფონტი დრილებს უწოდებს, მე კი ვფიქრობ, რომ ისინი სანნები (ჭანები) არიან. ესენი მეტად კარგი მეომრები არიან და ახლაც დიდი მტრები ტრაპეზუნტელებისა. გამაგრებულ ადგილებში ცხოვრობს ეს ტომი. მეფე არ ჰყავს. ძველითგანვე რომაელების მოხარკეა, მაგრამ ყაჩაღურ ცხოვრებას ეწევა და სისტემატურად არ შემოაქვს გადასახადი. მაგრამ ამის შემდეგ თუ ღვთის ნება იქნება აწ წესიერად გადაიხდის ეს ტომი გადასახადს, ან ჩვენ მას გავაძევებთ ქვეყნიდან. ამათ გვერდით არიან მაკრონები და ჰენიოხები, მათი მეფე ანქიალეა. მაკრონების და ჰენიოხების მეზობლები ძიდრიტები არიან, ესენი ფარსმანის (ფარსმან ქველი) ქვეშევრდომნი არიან. ძიდრიტების გვერდით ლაზები არიან. ლაზების მეფე მალასაა, რომელსაც ტახტი შენგანა აქვს მიღებული...
თუ მდინარე პრიტანიდის მდებარეობას ათინადან დაშორებულობის მანძილის მიხედვით ვივარაუდებთ, მაშინ მაკრონების და ჰენიოხების მეფის, ანქიალეს სასახლე დაახლოებით ახლანდელი ვიწეს მახლობლად უნდა ვიგულისხმოთ. თუ ეს მცდარი არაა, მაშინ მდ. ოფიდან მოყოლებული ჭანების მიწა-წყალი ყოფილა, ხოლო ვიწეს ჩრდილო აღმოსავლეთით მაკრონების და ჰენიოხების თემი ყოფილა.
თ. ყაუხჩიშვილის დასკვნით, რამდენადაც არიანე იყენებს ოთხ პარალელურ ფორმას (სანნოი, ტსანნოი, თიანნოი//ტიანნოი, ტუანნოი), ცხადია, რომ ბერძენს უჭირს ქართული ჭ-ს წარმოთქმა.
იოანე მალალა (491–578): „თეოდოსის მეფობის (ე.ი. 379–395 წლებში) დროს ჭანები შეიჭრნენ კაპადოკიაში, კილიკიაში და სირიაში. მოარბიეს იქაურობა და უკან გაბრუნდნენ“.
პროკოპი კესარიელი (507–554): 530 წლის ქვემოთ მოთხრობილი ამბებისაც პროკოპი გვამცნობს : „ცოტა ხნის წინათ მოხდა, რომ მათ დაიმორჩილეს ჭანების (პროკოფი ხმარობს ფორმას „ტზანები) ტომი, რომელნიც, თვითთავადნი, ძველითგანვე დამკვიდრებულან რომაელთა მიწაწყალზე. თუ რანაირად მოხდა ეს, ეხლავე იქნება ნათქვამი.
არმენიის ადგილებიდან პერსარმენიაში რომ მიდიხარ, მარჯვნივ არის ტავრი, მიმავალი იბერიაში და იქ მოსახლე ხალხებამდე, ხოლო მარცხნივ მეტად დაქანებული, დიდ მანძილზე გადაჭიმული გზა არის, და აღმართულია მეტად ციცაბო და მუდამ ნისლითა და თოვლით დაფარული მთები, საიდანაც ხმაურიანად გამოდის მდინარე ფასისი და მიდის კოლხეთის ქვეყნისაკენ. აქ მოსახლეობს ჭანების ტომი, თავიდანვე ბარბაროსები, რომელნიც არავის ქვეშევრდომები არ არიან, წინა ხანებში სანებად წოდებულნი; ირგვლივ მოსახლე რომაელების მძარცველნი; ისინი უაღრესად მკაცრ ცხოვრებას ეწეოდნენ და მუდამ ქურდობით ირჩენდნენ თავს. მიწა ხომ არაფერს აძლევდა სარჩოდ; ამიტომაც იყო, რომ რომაელთა მეფე ყოველწლიურად მათ ოქროს განსაზღვრულ რაოდენობას უგზავნიდა, რათა მათ აღარასოდეს არ გაეძარცვად ის ადგილები. ისინიც იძლეოდნენ ამაზე მათში მიღებულ მამაპაპეულ ფიცს, მაგრამ შემდეგ ფიცს ივიწყებდნენ და თავს ეხმოდნენ, მეტწილად მოულოდნელად, დააწიოკებდნენ არა მარტო არმენიელებს, არამედ რომაელებსაც, რომელნიც ვიდრე ზღვამდე მათი მეზობლები იყვნენ: ცოტა ხნის შემდეგ, თავდასხმას რომ მოათავებდნენ, ისინი მაშინვე შინ ბრუნდებოდნენ და ვინიცობაა ისინი რომაელთა ჯარს შეემთხვეოდნენ, ბრძოლაში მარცხდებოდნენ. ხოლო მათი ადგილების სიმტკიცის გამო, მთლიანად მათი დამორჩილება არ ხერხდებოდა. სიტამ, მაინც, ბრძოლაში დაამარცხა ისინი ჯერ კიდევ ომამდე, და იმით, რომ მომხიბლველად ელაპარაკებოდა და ეპყრობოდა მათ, მან სრულიად შეძლო მათი გადმობირება: მკაცრი ცხოვრება უფრო კულტურულზე შეცვალეს და ეწერებოდნენ რომაულ რაზმებში და ამიერიდან რომაელთა ჯართან ერთად მტრების წინააღმდეგ ილაშქრებდნენ. სარწმუნოებაც უფრო სანდომიერზე გამოიცვალეს, ყველანი ქრისტიანები გახდნენ. ასეთი იყო საქმის ვითარება ჭანებში.
ზოგიერთი ავტორი ამბობს, რომ ტრაპეზუნტელთა მოსაზღვრენი არიან სანები, რომელთაც ახლა ჭანები ეწოდებათ. ჭანები ზღვის ნაპირს ძალიან არიან დაშორებულნი და არმენიელები ცხოვრობენ შუახმელეთზე და შუაში აღმართულია მრავალი, მეტად მიუვალი და სრულიად ციცაბო, უზარმაზარი ქვეყანა, სრულიად უკაცური, გადაუვალი თხრილები, ტყიანი მწვერვალები და უგზო-უკლო ნაპრალები; ყველა ამით ჭანები გამოირჩევიან, როგორც არაზღვისპირა მცხოვრებლები.
ტრაპეზუნტიელთა საზღვრები ვრცელდება დაბა სურმენემდე და ე.წ. რიზემდე, რომელიც ლაზიკეში ზღვით მიმავალისათვის ორი დღის სავალი გზით არის დაშორებული ტრაპეზუნტს. თაფლი ტრაპეზუნტის გარშემო მდებარე ყველა ადგილას მწარეა, და, ამრიგად, მხოლოდ აქ საწინააღმდეგო წარმოდგენა არსებობს თაფლის შესახებ. ამ ადგილების მარჯვნივ აღმართულია ჭანეთის მთები, რომელთა გადაღმა რომაელთა ქვეშევრდომი არმენიელები ცხოვრობენ. ამ ჭანეთის მთებიდან ჩამოდის მდინარე, სახელად ბოასი (ჭოროხი), რომელიც მის შემდეგ, რაც გამოივლის მრავალ ჭალას და შემოუვლის მთიან ადგილებს, ლაზიკის სოფლების მახლობლად გასწევს და ერთვის ე.წ. ევქსინის პონტოს, მაგრამ უკვე აღარ ეწოდება ბოასი. ვინაიდან, როდესაც ის ზღვის მახლობლად მიდის, ივლის ამ სახელს და იქიდან სხვა სახელწოდებას მიირქმევს: სახელს ის თავის მიმდევართაგან იძენს. მას სხვათა შორის, ადგილობრივი მცხოვრებლები აკამფსისს უწოდებენ იმის გამო, რომ მისი დამორჩილება, ზღვასთან შეერთების ადგილას შეუძლებელი ხდება, ვინაიდან ისეთი სისწრაფითა და სიმწვავით უერთდება და ისიეთი დიდი ხმაურით მიიწევს წინ, რომ ზღვის კარგა მოშორებით მომდინარეც შეუძლებელს ქმნის ზღვაში შეცურვას: ასე რომ ევქსინის პონტოს ამ ადგილას მცურავნი ვერც სიგ ლაზიკეში ახერხებენ შენავებას, ვერ იქიდან გამოსვლას და ვერც ახლოს გაცურვას, ვინაიდან არსად არ შეუძლიათ დაიმორჩილონ წყლის მდინარება, არამედ შორს უნდა ავიდნენ ზღვაში, სადმე შუა პონტოში მივიდნენ და ასე აიცდინონ მდინარის შესართავი.
რიზეს მოსდევს მიწაწყალი ერთი ხალხისა, რომელიც რომაელებსა და ლაზებს შორის მოსახლეობს (იგულისხმება ჭანები). იქ მდებარეობს ერთი სოფელი, სახელად ათინა. ათინის შემდეგ მდებარეობს არქაბე და აფსარუსი, რომელიც სამი დღის სავალი გზით არის რიზეს მოშორებული. ეს ქალაქი (აფასაროსი) ძველად მრავალრიცხოვანი ყოფილა. მას გარშემო უვლიდა მრავალი კედელი და შემკული იყო თეატრითა და იპოდრომით და მას მრავალი სხვა რამეც ჰქონდა, რაც ჩვეულებრივ ქალაქის სიდიდის მაჩვენებელია. ამჟამად აქედან სხვა არაფერია დარჩენილი, გარდა გარდა შენობათა საძირკვლებისა.
ამბობენ რომ რომაელთა თვითმპყრობელ ტრაიანეს დროს იქ (ე.ი. ტრაპეზუნტსა და აფსაროსს შორის მხარეში) ვიდრე ლაზების და საგინების (სანიგების) ქვეყნამდე დაფუძნებულ იქნა რომაული ჯარები. ამჟამად კი იქაური მცხოვრებლები არც რომაელთა და არც ლაზთა მეფის ქვეშევრდომები არ არიან, გარდა იმისა, რომ რადგან ისინი ქრისტიანები არიან, ლაზთა ეპისკოპოზები უწესებენ მათ მღვდელმსახურებს. ისინი ისწრაფვიან ორივესთან მშვიდობიან და მეგობრულ ურთიერთობაში იყვნენ და ყოველთვის თანხმდებიან ხოლმე მიაცილონ ერთი მხრიდან მეორესთან მიმავალი მოციქულები. ასე იქცევიან ისინი ჩვენს დრომდე: ისინი თავიანთი მსუბუქი ხომალდებით მიაცილებენ ხოლმე ერთი მეფის გზირებს, რომელნიც მეორე მეფესთან მიდიან. დღემდე ისინი არავითარ გადასახადს არ იხდიან. ამ ადგილების მარჯვნივ აღმართულია მეტად ციცაბო მთები და გადაჭიმულია უმეტესად უდაბური ადგილები. ამის გადაღმა ცხოვრობენ ე.წ. პერსარმენიელები და არმენიელები, რომლებიც რომაელთა ქვეშევრდომები არიან და რომაელთა მიწაწყალი იბერიის საზღვრებამდე ვრცელდება.
ჭანები ძველითგანვე თვითთავადნი იყვნენ და არვის ემორჩილებოდნენ და ველურ ცხოვრებას ეწეოდნენ; ღმერთებად ჭალებს, ფრინველებსა და სხვა რაღაც ცხოველებს ისახავდნენ და თაყვანს სცემდნენ, ყოველთვის ცათმბჯენსა და უზარმაზარ მთებში ცხოვრობდნენ, მიწას კი არასდროს არ ამუშავებდნენ. არამედ მუდამ ყაჩაღობითა და ქურდობით გაჰქონდათ თავი. თვითონ ხომ არ ზრუნავდნენ იმაზე, რომ მიწა დაამუშავონ, და მიწაც მათ იქ, სადაც დაქანებული მთები არაა ჩამოშვებული, ხნარცვიანი აქვთ. ბორცვები კი არაა, მიწაზე აღმართული, არც მიწისებური, არც ნაყოფის მოცემა შეუძლია მას, კიდევაც რომ იზრუნონ ამაზე მცხოვრებლებმა, არამედ უმეტესწილ ხრიოკი და სრულიად მწირი და ყოველგვარ ნაყოფიერებას მოკლებული ადგილებია ეს. აქ არც მიწის მოხვნაა რამენაირად შესაძლებელი, არც ნათესის მომკა და არც თიბვა; ხეებზედაც კი, რომლებიც ჭანეთში ჭარბადაა, ყვავილი არ გამოდის და ისინი სრულიად უნაყოფონი არიან, ვინაიდან იმთავითვე არც წელიწადის დროები ენაცვალებიან ერთმანეთს: ამჟამადაც მიწას წელიწადის დროის შესაფერისი ტენიანობა და სიცივე არ ხვდება, არც მზის სითბო ესალმუნება, მთელი ქვეყანა დაუბოლოვებული ზამთრის ხვედრი გამხდარა და მუდმივი თოვლით მოფენილა. ამის გამო ჭანები ძველად თვითთავადად ცხოვრობდნენ. იუსტინიანეს მეფობის დროს კი ისინი დამარცხდნენ რომაელებთან ბრძოლაში – რომაელებს სიტა სარდლობდა, – დაჰყარეს იარაღი და ყველანი პირდაპირ მიეკედლნენ მას: ნაცვლად სახიფათო თავისუფლებისა იოლი მონობა აირჩიეს. თავისი სარწმუნოებაც გადაცვალეს მაშინვე სათნო სარწმუნოებაზე და ყველანი ქრისტიანენი გახდნენ, თავისი მკაცრი ცხოვრებაც უფრო ფაქიზად აქციეს, თავი გაანებეს ყოველგვარ ყაჩაღობას და რომაელებთან ერთად ლაშქრობდნენ ხოლმე მუდამ თავიანთი მტრის წინააღმდეგ. მაგრამ რადგან იუსტინიანეს ეშინოდა, რომ ჭანებს არ გადაეხვიათ ოდესმე ამ წესიერი ცხოვრების გზისათვის და კვლავ არ დაბრუნდებოდნენ თავიანთ ველურ ცხოვრებას. მან მოისაზრა შემდეგი.
ძნელსავალია ჭანეთი ფრიად, ცხენოსანი სრულიად ვერ გაივლის იქ, ვინაიდან ყოველგნით მორკალულია უმეტესწილ კლდიანი და ტყიანი ადგილებით. ამის გამო ჭანებს არ ეხერხებათ ურთიერთობა იქონიონ მეზობლებთან იქონიონ მეზობლებთან მეზობლებთან და კარჩაკეტილად გაველურებულნი ცხოვრობდნენ მსგავსად მხეცებისა. ამიტომ იუსტინიანემ გააჩეხინა მთლიანად ხეები, რომლებიც გზაზე ეღობებოდა ადამიანს, შეაკეთა იქაური ძნელსავალი ადგილები და ისინი ადგილსავალ და საცხენო გზებად აქცია, და ამრიგად შესაძლებელი გახადა ჭანების დაახლოება დანარჩენებთან და ურთიერთობის დაჭერა მეზობელ მცხოვრებლებთან. შემდეგ კი აუშენა მათ ე.წ. სქამალინიხონში (სხამალინიხონ) ეკლესია და ბრძანება გასცა ეკურთხათ იგი, მიეყოთ ხელი მღვდელმსახურებისათვის, ედიდებინათ ღმერთი ლოცვებით და სხვა ყოველგვარი საღმრთო ვალი გადაეხედათ და, ერთი სიტყვით, ეცხოვრათ როგორც გონიერ ადამიანებს. გარდა ამისა მთელ ამ ქვეყანაზე ციხე-სიმაგრეები ააგო და მუდმივ მცველებად ჩააყენა იქ ძლიერი რომაული გარნიზონები და, ამრიგად, შესაძლებელი გახადა ჭანებისათვის დანარჩენ მცხოვრებლებთან დაუბრკოლებელი კავშირი ჰქონოდათ. თუ სად ააშენა მან ჭანეთის ციხე-სიმაგრეები ოდესღაც, ახლავე ვიტყვი.
აქ ქვეყანა სამ ჯვარედინ გზად არის გასერილი. აქედან იწყებენ ხომ გაყრას რომაელთა, პერსარმენიელთა და თვით ჭანთა საზღვრები. აქ იუსტინიანემ ძალიან ძლიერი ციხე ააგო, რომელიც წინათ არ ყოფილა, სახელად ჰორონონი, და ამით საფუძველი ჩაუყარა ზავის საქმეს. პირველად ხომ აქედან გახდა შესაძლებელი ჭანეთში შესვლა, ამიტომ აქვე ჩააყენა ჯარის სარდალი, რომელსაც „დუკს“ (ნიშნავს ბელადს, მეთაურს) ეძახიან. ჭანები მრავალ ტომებად განიყოფებიან. ერთ სოფელში, რომელიც ჰორონონისაგან ორი დღის სავალი გზით არის დაშორებული და სადაც საზღვრებია ე.წ. ოკენიტის ჭანებისა, რაღაც სიმაგრე იყო, ძველადვე მცხოვრებთა მიერ აშენებული, რომელიც უკვე კარგა ხანია ნანგრევებად ქცეულა მოუვლელობის გამო; მისი სახელია ხართონი (ქართონი). იუსტინიანემ ის განაახლა, ჩაასახლა იქ ხალხი კარგა ბლომად და დაავალა ამ ადგილის დაცვა და მოვლა. იქიდან რომ მიდიხარ აღმოსავლეთის მიმართულებით, ერთი კლდიანი ნაპრალია, გადაჭიმული ჩრდილოეთისაკენ; აქ იუსტინიანემ ციხე ააგო, სახელად ბარხონი. გადაღმა მთის ძირში ბოსლებია, სადაც ე.წ. ოკენიტის ჭანების საქონელია მოთავსებული, რომელსაც ჭანები ინახავენ იქ არა მიწის ხვნის დროს გამოსაყენებლად, ვინაიდან ჭანები სრულიად უქნარნი არიან და მათთვის მიწათმოქმედების სამუშაოები უცხოა, როგორც უკვე ვთქვია, და მათ არც ხვნა იციან და არც მიწათმოქმედების სხვა საქმიანობა; საქონელს ისინი ინახავენ იმისთვის, რომ წველონ ხოლმე და მისი ხორცით გამოიკვებონ თავი. შემდეგ მთის ძირისა, სადაც დავაკებულ ადგილას სოფელი კენა არის, დასავლეთის მიმართულებით რომ იარო, არის ერთი ციხე – სახელი მისი სისილისსონი, რომელიც ძველადვე აუშენებიათ, ხოლო ძველადვე აუშენებიათ, ხოლო ძველადვე აუშენებიათ, ხოლო დროთა ვითარებაში გაუკაცრიელებულა; იუსტინიანე მეფემ ის განაახლა და, როგორც სხვა დანარჩენ ციხეებშიაც, აქაც რომაელ ჯარისკაცთაგან შემდგარი საკმაორიცხოვანი მცველი რაზმი ჩააყენა. აქედან რომ მიდიხარ მარცხნივ ჩრდილოეთის მიმართულებით, არის ერთი ადგილი, რომელსაც ადგილობრივი მცხოვრებლები ლონგინეს თხრილს ეძახიან, რადგან წინა ხანებში რომაელთა სტრატეგოსი ლონგინე, ტომით ისავრიელი, ერთხელ ჭანების წინააღმდეგ რომ ულაშქრია, აქ დაბანაკებულა. ამ ჩვენმა მეფემ ააშენა ციხე, სახელად ბურგუსნოესი, რომელიც სისილისსონის ციხისგან დაშორებულია ერთი დღს სავალით. ეს სიმაგრე, ისევე, როგორც სისილოსსონის ციხე, ამავე მეფის მიერ არის მტკიცედ აშენებული. აქედან ე.წ. კოქსილინის (ქოქსილინის) ჭანთა საზღვრები იწყება. ამჟამად აქ აგებულია ორი ციხე: ერთი – ე.წ. სქამალინიხონი და მეორე – ის, რომელსაც ტზანზაკონს (ჭანჭახა) უწოდებენ. აქ იუსტინიანემ ჯარის მეორე მთავარიც ჩააყენა“.
„ხართონი“ უნდა იყოს ქართული „ღართი“, რომელიც ბიზანტიისა და ჭანეთის საზღვარს დაშორებულია ორი დღის სავალზე. ეს კი ზედმიწევნით უდგება ბაიბურთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ხართს, რომელიც ჭოროხის სათავეებთან დარაჯობს ჭანეთში მიმავალ გზას.
„სქამალინიხონ“ (სხამალინიხონ) ნამდვილად ჭანურია და შეიძლება წარმომდგარიყოს „შქა-მალი-ნოღა“-სგან. „შქა“ ჭანურად შუას ნიშნავს, ხოლო „ნოღა“ საბაზრო ადგილს, ქალაქს, მაშასადამე „შქამალი ნოღა“ შეიძლება „შუაქალაქად“ გადმოვთარგმნოთ, რაც მის მდებარეობასაც შეეფერება.
„ბარხონი“ უნდა უდრიდეს ქართულ „პარხალს“. ღართის ჩრდ-აღმ-ით მართლაც გადაჭიმულია პარხალის მთები.
„ბურგუსნიოსი“ წარმომდგარი უნდა იყოს „ბურღი“-საგან, რაც ჭანურად ტყის ერთს მრავალფურცლიან მცენარესა ჰქვია და ამავე ფესვისა უნდა იყოს მეორე ჭანური გეოგრაფიული სახელი „მურღული“-ც (მურღულის ხეობა).
„ჭანჭახა“, როგორც საგეოგრაფიო სახელი სამცხეში და ქართლშიც არის და უნდა წარმომდგარი იყოს „ჭანჭი“-საგან, რაც ნოტიო, ჭაობიან ადგილს ნიშნავს.
კენა უდრის „კაენ“-ს და სწორედ ასე კაენა პარემბოლა იწოდება იგი ლათინურად.
იუსტინიანე I 535 წლის იანვარში გამოცემულ ნოველაში წერს:
„ჭანები, რომელნიც მხოლოდ ახლა მოიქცნენ რომაელთა ძალაუფლების ქვეშ, ქვეშევრდომთა რიცხვში გვყვანდნენ. ასეთი რამ დღემდე არასოდეს მიუნიჭებია რომაელებისთვის ღმერთს, – მხოლოდ ჩვენს მეფობაში მოგვენიჭა ეს მადლი“.
აგათია სქოლასტიკოსი (530–582): ჭანების საბოლოო დამორჩილება 557 წელს.
„ჭანები ცხოვრობენ ევქსინის პონტოს სამხრეთით ქალაქ ტრაპეზუნტის ქვემოთ; თუმცა ეს ჭანები ძველითგანვე რომაელებთან დაზავებულნი და მათი ქვეშევრდომნი იყვნენ, მაგრამ მაშინ მათი ერთი ნაწილი წინანდელ მშვიდობიან წესებს იცავდა და სრულიადაც არ ფიქრობდა ურჩობას, უმეტესი მათგანი კი შექმნილი მდგომარეობით სარგებლობდა და ყაჩაღობას მისდევდა, დათარეშობდა პონტოს გასწვრივ მდებარე სოფლებში, ანადგურებდა ყანებსა და ძარცვადა მგზავრებს; ისინი თავს ესხმოდნენ არმენიასაც, სადაც კი ახერხებდნენ, ძარცვა-გლეჯას ეწეოდნენ და ერთი სიტყვით, სრულიად არაფრით განირჩეოდნენ აშკარა მტრისაგან. ამიტომ მათ წინააღმდეგ გაიგზავნა თეოდორე ჭანი, რომელსაც რომაელ სამხედრო მეთაურებს შორის პირველი ადგილი ეკავა. მან, როგორც ქვეყნის კარგმა მცოდნემ, იცოდა თუ საიდან დასხმოდა მათ თავს, სად დაბანაკებულიყო; ზედმიწევნით იცოდა აგრეთვე, თუ როგორ მიეგნო მტრის კვალისათვის, – ასე რომ სრულიად მიზანშეწონილი იყო, რომ მეფემ მას დაავალა ეს საქმე. ის დაიძრა კოლხიდიდან დიდძალი ჯარით, ფასისი გადაღმა მოუარა დასავლეთით ჭანების საზღვრებს და უცბად შევიდა მტრის მაშინდელი მიწა-წყლის შუა გულში. მან დაიბანაკა ქალაქ თეოდორიადისა და ე.წ. რიზეს გარშემო, იქ ჯარისათვის შემოავლო თხრილი და თავისთან მოიხმო ჭანების ის ნაწილი, რომელიც წყნარად და მეგობრულად იყო განწყობილი და ჯერ არ გამდგარიყო; ესენი მან საჩუქრების საშუალებით თავისკენ მიიმხრო და ძალიან უქო კეთილგონიერება; ისინი კი, ვინც უტიფრად განდგა და პირობები დაარღვია, გადაწყვიტა დაესაჯა, რაც შეიძლებოდა მალე და შეუდგა ომის სამზადისს. მაგრამ იმათ აღარ დააყოვნეს და გაჩნდნენ იმ თხრილის წინ; იქვე მახლობლად ერთ გადმოშვერილ ბორცვზე თავი მოუყარეს ლაშქარს და შუბები და ისრები დაუშინეს რომაელებს ზემოდან, ისე რომ რომაელების მთელი ჯარი შეიძრა ჭანთა ამ მოულოდნელი სითამამისგან. ბევრი რომაელი მაინც ამოვიდა თხრილიდან და გაშმაგებით ეცა მოწინააღმდეგეებს, მაგრამ ისინი უმწყობროდ მოდიოდნენ, არც უცდიდნენ, რომ ისინი ქვემოთ, გაშლილ ადგილას, გაეწვიათ საბრძოლველად; ისინი რისხვას მისცემოდნენ და უმწყობროდ მორბოდნენ; თავ-ზევით გაეშვირათ მრუდე ფარები, თვითონ თავები ჩაექინდრათ და ასე ცდილობდნენ ბორცვზე აცოცებულიყვნენ. ჭანები კი ხშირ-ხშირად უშენდნენ ზემოდან შუბებს, აგორებდნენ ქვებს და სწრაფად განდევნეს მოწინააღმდეგენი: გამოძრვნენ საფარიდან და ორმოცამდე კაცი მოკლეს, დანარჩენები კი სამარცხვინოდ აოტეს. ამ მოულოდნელი გამარჯვებით გათამამებული ბარბაროსები სასწრაფოდ მიუახლოვდნენ ბანაკს; აქ ატყდა ფიცხელი ბრძოლა: ჭანები ცდილობდნენ შიგნით შეჭრილიყვნენ და ყველანი დაეწიოკებინათ, რომაელებს კი სამარცხვინოდ მიაჩნდათ არა მარტო ის, რომ მტერს სწრაფლ ვერ გააგდებდნენ, არამედ ის – თუ საბოლოოდ ვერ მოსპობდნენ მას. ორივენი ეცნენ ერთმანეთს, შეეპირისპირნენ, ხელდახელაც შეებნენ და ოდნავაც არ შეუსუსტებიათ გულადობა. ასე მიმდინარეობდა ბრძოლა მეტწილად თანაბარი წარმატებით ორივე მხარისათვის: იქაურობა შეძრა აურზაურმა და შერეულმა ყვირილმა; ბრძოლა გადაუწყვეტელი დარჩა.
თეოდორემ დაინახა მოწინააღდეგენი უსარდლოდ იყვნენ და მაინცადამაინც არც უშიშარ პირობებში უხდებოდათ ბრძოლა; დაინახა ისიც რომ თხრილის ყველა ადგილას კი არ იყვნენ ჩამდგარნი, არამედ ყველანი ერთ ადგილს ჩაჰკირკიტებდნენ, უბრძანა ზოგიერთ ჯარისკაცებს თავიანთ ადგილას მდგარიყვნენ და ასე გაეწიათ წინააღმდეგობა მტრისათვის; მეტი წილი ჯარისა კი ფარულად გააგზავნა და დაავალა ზურგიდან დასცემოდა ბარბაროსებს. ისინიც ჩუმად წავიდნენ და ზურგით რომ მოექცნენ მტერს, მორთეს საზარელი და სმენის წამღები ყვირილი, ისე რომ დაფორიაქებულმა ჭანებმა, ცხადია, სხვა ვერაფერი მოისაზრეს და ალყაში მოქცევის შიშით თავზარდაცემულები ლაჩრულად გაიქცნენ. ასე ოტებული და თავგზააბნეული ჭანები რომაელებმა ადვილად მოსპეს: 2000 კაცი მოკლეს, დანარჩენები კი სხვადასხვა მიმართულებით გაფანტეს. ასე მთელი ტომი რომ დაიმორჩილა თეოდორემ, მეფეს შეატყობინა ყველაფერი და თანვე შეეკითხა, როგორ მოვიქცე მათ მიმართო. მეფემ უბრძანა განსაზღვრული ყოველწლიური ხარკი დაადე, რათა იმათ შეიგნონ, რომ ისინი ქვეშევრდომნი, მოხარკენი და საბოლოოდ დამორჩილებულნი არიანო. მაშინვე ყველანი აღწერეს და დაავალეს ხარკის გადახდა; მას აქეთ ისინი მუდამ ბეგარას იხდიან. ასე დამთავრდა ჭანების თავგასულობის საქმე და თეოდორეც მაშინვე გაბრუნდა ლაზეთში სტრატეგოსებთან“.
* * *
ჭანების დამორჩილების შემდეგ იუსტინიანემ მათი საცხოვრისი ქ. ტრაპეზუნტთან ერთად, დაუქვემდებარა ახლად შექმნილ პროვინცია არმენია I მაგნას. VII საუკუნის მეორე ნახევარში, თემების სისტემის ჩამოყალიბებასთან ერთად, მთელი ყოფილი პონტოს სამეფოს რეგიონი გახდა არმენიაკონის თემის (კაპადოკიის მიწებთან ერთად) ნაწილი, თავდაპირველად როგორც ხალდიის სამმართველო, შემდეგ კი ხალდიის ნახევრად-სამთავრო.
სახელწოდება არმენიაკონი მექანიკურად ჰქონდა მიკუთვნებული ამ რაიონებს და ბიზანტიის ხელისუფლების მიერ, მცირე აზიისა და ზღვის სანაპირო ტერიტორიების უბრალო სამხედრო-ადმინისტრაციული გადამიჯვნის საფუძველზე იყო წარმომდგარი.
824 თუ 840 წელს „ხალდია“ ცალკე თემად ჩამოყალიბდა, რომლის მოსახლეობის აბსოლიტურ უმრავლესობას ქართველური ხალხი წარმოადგენდა; მისი კრებითი სახელი თავიდან იყო „ჭანები“, რომელიც საუკუნეების მანძილზე „ლაზებმა“ შეცვალა. სახელი ბიზანტიელებმა ძველი პერიოდის დიადი ქართველური ხალხის – ხალიბების საპატივცემულოდ დაარქვეს, რომლებიც ნაწილობრივ ამ მხარეებშიც ცხო

10 views
 
Yorumlar

Henüz hiç yorum yapılmamış.
Yorumunu bırak, tartışmaya başla!

Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor