22.11.2008
გ ზ ა…
58, Tbilisi, Gürcistan

გზა, ერთი მიმართულებით იქეთ! გზა, ერთი მიმართულებით აქეთ! გზაზე, აქეთ და იქეთ არაფერი იცვლება. გზის მარჯვნივ და მარცხნივ, ისევ ისეთივე დაჟინებით და ერთგვაროვნებით მეორდებიან პეიზაჟები: გრილ და მწვანე გაზაფხულს, ცხელ და გაუსაძლის ზაფხულს, მაგიურ და ყვითელ შემოდგომაზე, ცივ და თეთრ ზამთარში. მხოლოდ, მე ვიცვლები! მხოლოდ, მე მემატება ასაკი! მე, კი, ისევ, იგივე მიმართულებით დავდივარ გზაზე - აქეთ და იქეთ. გზაზე, რომელიც მხოლოდ ერთი მიმართულებით მიემართება და იმავე მიმართულებით უკან ბრუნდება.
ერთი და იგივე მიმართულებით, უსასრულო სრბოლა გზაზე. ეს, ჩემი ცხოვრების მეტაფორაა! დიდი ბედნიერებაა თუ უბედურ შემთხვევას გადავურჩი და გზის დასასრულს მივაღწიე. შემდეგ, შემოვბრუნდი და მშვიდობით დავბრუნდი უკან. და, ასე, სიცოცხლის ბოლომდე...
წინ და უკან მგზავრობაში, მხოლოდ დრო გადის, ილევა, ფუჭად, უანგარიშოდ. დროთა განმავლობაში ხვდები რომ ხდები გულგატეხილი, უცხო და გულგრილი. თუმცა, აქეთ-იქეთ სრბოლაში, თუ შეძელი და არცერთი წამით თვალი არ მოხუჭე, თუ იფხიზლე, თუ არ ჩაგეძინა და, თუ, ყოველდღიურობას თვალი გაუსწორე შესაძლოა, გაგიმართლოს და შეხვდე უსასრულობას. შეხვდე, შენს წინ განსხეულებულ და ხელშესახებ უსასრულობას, რომლის იქეთაც უკვდავება მოსჩანს.
ძალიან ირონიულია, ეს, ყველაფერი, ძალიან! თუმცა ამაში ღრმა აზრიც არის. რა შეიძლება ინატროს ადამიანმა, ამ არასრულყოფილმა და სუსტმა არსებამ, თუ არა ის, რომ თუნდაც ერთი წამით მაინც შეხვდეს უკვდავებას.

/მ.შ./

26 views
 
Yorumlar

Henüz hiç yorum yapılmamış.
Yorumunu bırak, tartışmaya başla!

Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor