ვარდისფერი სათვალეებით
39, Tbilisi, Gürcistan

ვარდისფერი სათვალეები ვიყიდე, მერე ფანჯრის რაფაზე ჩამოვჯექი, გავიკეთე და ფერშეცვლილი ცის ყურებამ უამრავი იდეით ამავსო.....
გინდა სახლის უკან გავიპაროთ და ცაში ავუშვათ ყულაბაში მოგროვილი ფულით ნაყიდი ფერადი ბუშტები?... მერე საკუთარი ანბანი გამოვიგონოთ და ერთმანეთს საიდუმლო წერილები მივწეროთ, თუ ვინმე მიაგნებს, ვერაფერს მიხვდება...
ანდა კითხვისგან გაცვეთილი წიგნები წამოვიღოთ ბიბლიოთეკიდან და ჩვენთვის საინტერესო ციტატები ლამაზ რვეულებში ფერადი ფლომასტერებით გადმოვიწეროთ...


იების საკრეფად ტყეში წასვლაც კარგი აზრია... იქ კი ყველაზე დიდი მუხის ტოტზე "შტაბის" აშენება და თვალთვალი უხილავ, გამოგონილ მტრებზე და ჯაშუშებზე მშვენიერი იდეა იქნება...
სიმინდები რომ მოვიპაროთ? კოცონზე შევწვათ საღამოს და საშინელი ისტორიები მოვყვეთ...
ან დავსხდეთ და "პეპი გრძელიწინდა" გადავიკითხოთ კიდევ ერთხელ, "ბიძია თომას ქოხზე" ერთად ვიტიროთ და შერლოკ ჰოლმსივით ვუთვალთვალოთ "საეჭვო ბიძიებს"...
სოფლის პატარა ნაკადულში წისქვილის აშენება ან ბებიას ბაღჩაში საკუთარი "მეურნეობის" მოწყობაც შეიძლება, მოყვანილ მოსავალს უამრავ ალვის ფოთლებზე გავყიდით...
მაგრამ ალბათ პირველ რიგში მეგობრობის დაწყება ჯობია, ჩემი და შენი მეგობრობის...
თუმცა ეს უკვე რთულია, ჩვენ ხომ ბავშვები აღარ ვართ... იზრდები და ეს უფრო და უფრო ძნელი ხდება...
რატომ არ შეიძლება უბრალოდ დამიმეგობრდეთ, ან უბრალოდ შემიყვაროთ, მხოლოდ იმიტომ რომ ასეთი ვარ და არა იმიტომ რომ "რატომღაც" გჭირდებით???
მოკლედ... ვარდისფერი სათვალის ყიდვა რომ სისულელე იყო ამას რაფაზე ჯდომისას მივხვდი... ხვალვე გავაჩუქებ...

42 views
 
Yorumlar
aMIRZAde 29.06.2014

მე ვიჩუქებდი მაგ ვარდისფერ სათვალეს, მაგრამ მეც მაქვს ეგეთი და ხანდახან ვიკეთებ კიდეც...)))

sherlok-holms sherlok-holms 05.07.2014

ხანდახან არაუშავს, სულ არ შეიძლება...

Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor