მე ყაჩაღებმა მომკლეს არაგვზე
51, Tbilisi, Gruzja

ჩამომრჩა უკან მე ჩერქეზეთი,
ვუახლოვდები ჩვენსკენ დარიალს,
დამშრალი თერგი ერთი წვეთია,
მაგრამ ზღვასავით გულზე გადიარს.

წამექცა თავზე ცა გარღვეული,
და ცაზე კიდევ სხვა მყინვარის ცა,
და დარიალით გადარეული
თვალებს ცრემლების თერგი მირეცხავს.

და გადავყურებ ალმას უფსკრულებს,
კვალდაკვალ ჩემი დემონი მომდევს,
ვხედავ გიგანტის შოლტის მუსკულებს
და რკინის ბაწარს, ყელზე რომ მომდეს.

ვიცი, მომელის მაინც ეს ბედი,
და ისიც ვიცი ჩემზე ახია,
ძვირფასო, არ ვარ, იცოდე, ყბედი,
ან თავის მოკვლა რა ტრაბახია.

მაგრამ მიტაცებს ქარიშხალივით
ამ თვალუწვდენი ხრამების ფსკერი,
ვიცი, ქალი ხარ, ყველა ქალივით
ვიცი, ამასაც ეჭვით უცქერი.

მინდა, რომ ვიყო მწირი გულადი,
საშინელ ღამეს ვეფხვი რომ დაბდღვნა,
ვარ ავსებული შენით გულამდე
და მოვარდნილი ცრემლების წარღვნა.

მინდა მოვიფრთხნა ამ შარაგზაზე,
მინდა გავიხსნა გული ალალი,
მე ყაჩაღებმა მომკლეს არაგვზე,
შენ ჩემს სიკვდილში არ გიდევს ბრალი.

Liczba odwiedzin: 23
 
Komentarze

Na razie nie ma żadnych komentarzy.
Dodaj komentarz aby rozpocząć dyskusję!

Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut