რისთვის უმღერით, პოეტებო, ცას და ვარსკვლავებს?
იქ ხომ იმდენი ნადირია, ცა ძლივს აკავებს!
ნახეთ, ცარგვალზე იგრიხება რამდენი გველი!
ბრდღვინავს ლომი და იღრინება პირღია მგელი;
გველეშაპია გაწოლილი კიდით-კიდემდე,
ისეთი მძლავრი, რომ ღმერთები ხელს ვერ ჰკიდებენ;
კირჩხიბს და ჰიდრას ეფინება ვარსკვლავთა თქეში
და ღრიანკალი იღრიკება მხეცების წრეში;
ბორგავს ვეშაპი, ანდრომედას დაეძებს ცაში;
მიჰქრის პეგასი, სივრცეს სერავს ციური რაში;
ტუგანს, ფარშევანგს, ჩიტს დასჩხავის შავი ყორანი;
ფენიქსს და ყორანს შესცქერიან შიშით ყველანი;
გარბის მარტორქა, გვესახება ვარსკვლავკრებულად,
და თვითონ ხვლიკი ცის ტატნობზე დამკვიდრებულა;
დიდი კენტავრი ციდან გვიშენს ცეცხლოან ისრებს,
და მეძებრები მიარღვევენ ასტრალურ ნისლებს;
წერო, არწივი, თხა და ვერძი, გედი, მელია,
მტრედი, კურდღელი თუ ჟირაფი ცისკარს ელიან,
რომ უჩინარჰყოს ჰიდრებისთვის ზეცის ტატნობი,
და რძიულ ზოლად ცას ევლება ირმის ნახტომი;
დგას გველისმჭერი, სურს გასტყორცნოს ქვეწარმავალი;
მძვინვარებს კურო,…